logo
ENG



კალაძე: "ოცნება", საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა

09 ნოე 202012:19
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: "ოცნება", საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, "ოცნებას" დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს.

"გუშინაც გაკეთდა ჩვენი მხრიდან განცხადებები, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დავჯდეთ მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში და არა დამხობებით, გადატრიალებებით და ა.შ", - თქვა კალაძემ.

ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტები თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმი დახვდა. სამართალდამცველებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეების ნაწილს წყლის ჭავლი მიუშვირეს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. 

პოლიტიკური ლიდერებისა და პარლამენტის აქციიდან მომავალი დანარჩენი მომიტინგეების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს. მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ სხვადასხვა ტელევიზიის, მათ შორის, ფორმულას ჟურნალისტებიც. 

თვითმხილველების მტკიცებით, სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ. 

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტების მხრიდან "მყისიერი თავდასხმა" ხორციელდებოდა, ამიტომ, მისი თქმით, წყლის ჭავლის გამოყენებამდე მომიტინგეთა გაფრთხილებას სამართალდამცველები ვერ მოასწრებდნენ. 

მდინარაძის შეფასების საწინააღმდეგოდ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. მისი თქმით, ცივ კლიმატურ პირობებში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მიშვება ძალიან სასტიკი ზომაა. 

დარბეულ ოპოზიციას მკაცრად დასჯით დაემუქრა პარლამენტის ყოფილი თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები შტურმის მოწყობას ცდილობდნენ. 

"შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს", - განაცხადა კობახიძემ მომიტინგეთა დარბევის პარალელურად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. 

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ დღეს, 9 ნოემბერს 18:00 საათზე მორიგ აქციას გამართავს. ისინი ცესკო-სთან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას გააპროტესტებენ. გარდა ამისა, კვლავ გააჟღერებენ 3 მთავარ მოთხოვნას - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გადადგეს თამარ ჟვანია და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. სწორედ დღეიდან ამოქმედდება მთავრობის მიერ დაწესებულები შეზღუდვა - საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან.


close დახურვა